საქართველო ევროპის ქვეყნებში ელჩებს ათავისუფლებს

აღნიშნულ თანამდებობებს დიპლომატები 2020 წლიდან იკავებენ.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში ელჩები, ასევე ნატოში და ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლები თანამდებობებიდან თავისუფლდებიან.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.
აღნიშნული განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წინადადებით მიმართავს თანამდებობიდან გათავისუფლდნენ:
2024 წლის 21 სექტემბრიდან გათავისუფლდეს ვიქტორ დოლიძე ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან;
2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გათავისუფლდეს ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან; ასევე რევაზ ლომინაძე შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან;
2024 წლის 15 ოქტომბრიდან გათავისუფლდეს სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში მედიაპლატფორმა BM.GE-ის განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი როტაციის ვადის გასვლაა.
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაამტკიცოს.
აღნიშნულ თანამდებობებს დიპლომატები 2020 წლიდან იკავებენ.