თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი დაიხარჯა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება. მიმდინარე წელს საბავშვო ბაღები ჯამში 18 ათასზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ.
როგორც მერმა განაცხადა, გასულ წელს დაიწყო „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის.
„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ“, - განაცხადა კალაძემ.
ამ ეტაპზე დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები, 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას.
აღნიშნული პროექტებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო.
„ძალიან გაზრდილია ბავშვების რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მიდგომები და დამოკიდებულება არის ისე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოსა და ინფრასტრუქტურაში აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.