ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის მიმდინარეობის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყურძნის რთველი საქართველოში შემოდგომაზე კახეთის რეგიონიდან იწყება და მთიან რაიონებში მთავრდება.
სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ - კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.
რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც, უწყების ცნობით, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0,2 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საქართველომ საზღვრებს გარეთ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.