უმაღლეს ჯილდოებზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარადგინეს

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობამ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარედგინა უმაღლეს ჯილდოებზე, განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. კერძოდ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გენო პეტრიაშვილი. ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები: ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი და ლაშა გურული.
როგორც კობახიძემ განაცხადა, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილთა სიას დაემატა ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც არიან სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელები. ასევე ღირსების ორდენზე წარდგენილია გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი (ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები). ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელებიც.
„ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელები, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს 1 მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.