საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, რომელთა შორის ორი ქალი მსჯავრდებულია. ოთხ მსჯავრდებულს კი, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.