თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე გზა გაიწმინდა, მოძრაობა აღდგა და მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
რიკოთის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, ავტოსტრანსპორტის მოძრაობა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.
როგორც წერეთელმა განაცხადა, უამინდობის გამო ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე დაფიქსირდა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა. საღამოს საათებში კი ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გადმოვიდა ტალახიანი წყლის მასა ლაფის სახით, რამაც შეაფერხა მოძრაობა.
„გზის აღნიშნული მონაკვეთი 15-20 წუთში გაიწმინდა, თუმცა ავტომობილების დიდი ნაკადიდან გამომდინარე, საგზაო მოძრაობა შეფერხდა. რიკოთზე მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, - აღნიშნა წერეთელმა.