ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, დაზარალებულ მოსახლეობას მერია დაეხმარება.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაილობრივ აღდგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
კახეთში მოსულმა ძლიერი წვიმამ, რომელსაც ქარი და სეტყვა ერთვოდა თან, პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
პანკისსა და მიმდებარე სოფლებში სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ხეებისგან ჩახერგილი შიდა და ცენტრალური გზები მთლიანად გაიწმინდა.
ძლიერი ქარის გამო 6 სოფლიდან 4- ში დაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მოხდა და ამ დროისთვის ასობით აბონენტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
ბოლო მონაცემებით, 48 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, რომლის დასრულების შემდეგაც მოსახლეობას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.