კაცს ცოლის მკვლელობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა განაჩენს არ ეთანხმება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები არასაკმარისია
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავლელაშვილი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
კავლელაშვილმა თავისი 27 წლის ცოლი ვარკეთილში დანით მოკლა - მოკლულს 19 ჭრილობა აღმოაჩნდა. მკვლელობა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. არსებული მონაცემებით, მკვლელობის მომენტში ქალს ეძინა. დაჭრილი ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. იმ დროისთვის ცოლ-ქმარს ოთხი თვის შვილი ჰყავდათ.
კავლელაშვილმა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ბოლო სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ საღ გონებაზე ამას არ გააკეთებდა.
„ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი“, - განაცხადა კავლელაშვილმა.
სასამართლომ კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, რასაც პროტესტი მოჰყვა მოკლულის დედის მხრიდან, რომელმაც სხდომათა დარბაზი განაჩენის გამოცხადების მერე პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის თანახმად, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა და მხოლოდ მკვლელობის ფაქტზე იქნა დამნაშავედ ცნობილი.
„ბრალდების მხარე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას გენდერის ნიშნით გამართლების ნაწილში. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ აუცილებლად გავასაჩივრებთ,როგორც სასჯელის, ისე კვალიფიკაციის ნაწილში“, - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.
კავლელაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს.