როდის დასრულდება გომბორის გზის რეაბილიტაცია

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გომბორის გზის რეაბილიტაციის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგება, დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ სამი მეწყრული მონაკვეთი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ექვსი ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება.