თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. „ლელოს“ ლიდერები, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პირდაპირ იყვნენ ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს, განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტში მანდატების 3/4-ის მოპოვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებად გამოაცხადებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა სამ კოალიციაში, რომელთაგან ორი დაკომპლექტებულია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით. ყველა ამ პარტიას, მათ შორის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის „ლელოს“, ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს.
„რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გადიან ამ არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ამ პოლიტიკოსს და ლიდერს გააჩნია წარსული, რომელიც უშუალოდ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და აწმყოც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“.
„არის ასეთი გაერთიანება - „ლელო“, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. “ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად პირდაპირ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები ჩართული იყვნენ ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, კრიმინალურ ძალასთან პირდაპირ ალიანსშია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა.
Зачем "Грузинской мечте" конституционное большинство в парламенте? – планы партии >>
„ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეიძლება პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, რაზეც „ოცნებამ“ საჩივარი შეიძლება მოამზადოს, შეიძლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი.
„რეალურად ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც გახარია და „ნაცმოძრაობა“ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიციას ერთად ქმნიან, სამართლებრივად დასტურდება, რომ ისინი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და ერთ საქმეს ემსახურებიან.
„ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი, თუ სარჩელი სათანადოდ დასაბუთებული იქნება და დამტკიცდება ის, რომ კონკრეტული ძალები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
პარტია „ლელო"
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.