თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ტრანსნაციონალური კომპანია Evolution Georgia-ს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, იუწყება ქართული მედია.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები, ძირითადად უნივერსიტეტების სტუდენტები, 40 დღეზე მეტია არიან გაფიცულები. ონლაინ-კაზინოს 4 ათასამდე თანამშრომელმა 12 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებაა.
კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა 12 აგვისტოდან პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართეს. მათი მოთხოვნები უცვლელია: შესვენების საათების გაზრდა, სამუშაო ადგილზე სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაო ადგილზე ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა და კვების ვაუჩერების გაცემა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში, რადგან, მათივე თქმით, საქართველოში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული სამუშაო პირობების გამო შიმშილობენ.
აგვისტოს დასაწყისში Evolution Georgia-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტას არ გამორიცხავს. მათ ამის მიზეზად პროფკავშირის მიერ შენობებში შესასვლელების გადაკეტვა და სამუშაო პროცესის ჩაშლა დაასახელეს.
Evolution Georgia არის დისტანციური სათამაშო სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიაში 8 ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული.