ბევრად უფრო დიდი ამოცანა გვაქვს, ვიდრე მხოლოდ მოგება - ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნებზე

საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიურნბერგის პროცესად უნდა იქცეს, განაცხადა ივანიშვილმა.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „ქართული ოცნების“ მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ გამარჯვება კი არ არის, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ პარლამენტის ადგილების 3/4-ის მოპოვება, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრის პირობებში გაიმართება.
„ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქცეს ნიურბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ქართველმა ხალხმა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ, განაჩენი გამოუტანოს.
„26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.
„საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პარტია დაპირდა თავის ამომრჩევლებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე (150-დან სულ მცირე 113 მანდატი - რედ.) „ქართული ოცნება“ დააინიცირებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.