ქვემო სვანეთში მდებარე უცნობმა მეგალითმა მეცნიერების ყურადღება მიიპყრო

არტეფაქტის ტერიტორიაზე აქტიური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში მდებარე კურორტ მუაშის აქამდე უცნობი, შუა საუკუნეებით დათარიღებული მეგალითური ნაგებობის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
არქეოლოგიურ სამუშაოებს უძღვება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალგაზრდა მისიმიელთა ლეგიონი“ პროფესორ ზვიად კვიციანის ხელმძღვანელობით. მისიმიელები — ერთ-ერთი ძველი ქართული (სვანური) ტომია.
არქეოლოგები სვანეთში აქამდე უცნობ ქვის ნაგებობას იკვლევენ
მეგალითური ნაგებობა, რომელიც შესაძლოა საკულტო დანიშნულების ყოფილიყო, მდებარეობს შემაღლებულ გორაზე. შემორჩენილი საძირკვლის ნაშთების სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. ამ ეტაპზე მასზე არავითარი წერილობითი წყარო არ მოიპოვება.
არქეოლოგები სვანეთში აქამდე უცნობ ქვის ნაგებობას იკვლევენ
ადგილზე მიმდინარეობს აქტიური არქეოლოგიური სამუშაოები: დაიწყო ნაგებობის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრის გაწმენდა ქვაყრილისგან.
არქეოლოგები სვანეთში აქამდე უცნობ ქვის ნაგებობას იკვლევენ
გასუფთავდა ნაგებობის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს გარე პერიმეტრის კედლები, რომელთა სისქე 180 სანტიმეტრია. არქეოლოგების მიერ პირველადი დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა ჩრდილოეთის კედლის დაზიანება.
არქეოლოგები სვანეთში აქამდე უცნობ ქვის ნაგებობას იკვლევენ
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, სვანეთი საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და კულტურული მემკვიდრეობით. აქ საუკეთესოდ არის შემონახული ისტორიულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იპყრობს.
„დღეს სვანეთში მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ნაწილი კვლავაც შეუსწავლელია და აღნიშნული ძეგლების კვლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება სვანეთის ადრეული შუა საუკუნეების შესწავლის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ჩანს, ნაგებობა გამოჩენილი მეცნიერის, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს უკვე დანგრეული იყო, ვინაიდან, ექვთიმე თაყაიშვილი თავის ნაშრომში „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში“ (1910 წელი, პარიზი, 1938) სასაშის თემის ყველა შემორჩენილ ტაძარსა და მასში არსებულ სიწმინდეებს აღწერს, გარდა ამ უკანასკნელისა.