თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 14%, 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15,3%, მესამე კვარტალში 15,6%, მეორე კვარტალში - 16,7%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონემ 2024 წლის მეორე კვარტალში 13,7% შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე სოფლად გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში. 2024 წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 3,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 2,5%-ით და შესაბამისად, 14,3 და 12,8% შეადგინა.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2024 წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 2,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა 15,9%-მდე, ქალებს შორის კი 3,6 პროცენტული პუნქტით 10,9%-მდე.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 54,5% შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„2024 წლის მეორე კვარტალში ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 1,3 პროცენტული პუნქტით. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67,5% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19,1 ათასი ადამიანით (2,1%) და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 935,8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41,3 ათასით გაიზარდა (10,1%) და 451,5 ათასი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2024 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44,4 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66,1%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი 1 პროცენტული პუნქტით.