სამტრედიაში 72 წლის ქალი მეზობელმა ნაჯახით მოკლა

სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია 36 წლის მამაკაცს ეძებს.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 72 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს - პოლიცია მსხვერპლის მეზობელს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
მედიის ცნობით, პენსიონერ ქალს მეზობელმა ოჯახმა სახლი საპატრონოდ დაუტოვა და დასასვენებლად წავიდა. ქალი ყოველ დილით მეზობლის სახლში შედიოდა და ყურადღებას აქცევდა. დღეს დილით კი იქ, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შესული მამაკაცი დახვდა. ქალმა ქურდი იცნო, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მას ცული რამდენჯერმე დაარტყა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი გაიქცა.
დაჭრილმა ქალმა მოახერხა საკუთარ ეზოში დაბრუნება და თავის მეუღლეს დაუძახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე მეუღლის თვალწინ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია 36 წლის მამაკაცს ეძებს.