ვინ წარადგენს საქართველოს „ოსკარზე“ 2025 წელს

საქართველოში გამოცხადდა კანდიდატი ფილმების შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ კინოპრემიაზე
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება 2024 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გაიმართება 2025 წლის 2მარტს ჰოლივუდში, „დოლბის“ თეატრში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია).
კინოცენტრი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს მიიღებს 2024 წლის 16 აგვისტოდან - 2024 წლის 6 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ეროვნულ კინოცენტრში განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
უნდა ჰქონდეს რეკლამა კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმით (აფიშა, თრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები პირები.
დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე.
განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ფილმის ერთი ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და ერთი ასლი DVD ფორმატში, რომელიც შეესაბამება კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2024 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).
განმცხადებელს საჭირო დოკუმენტაციას შეუძლია დაურთოს ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში ფილმზე გამოხმაურების მასალები (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის „ოსკარზე“ წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმი გამოვლინდება არაუგვიანეს 2024 წლის 13 სექტემბრისა.