თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ ზღუდავს უცხოელ დონორებს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებაში, თუნდაც რევოლუციური მიზნებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ თავად პროცესი გამჭვირვალე იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) კვლავ ყურადღების ცენტრშია საქართველოში, სადაც ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ამჯერად NED-ზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ადანაშაულებს ფონდს დემოკრატიის მხარდაჭერის საფარქვეშ დივერსიის, ინფილტრაციისა და საბოტაჟის განხორციელებაში მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ არავის ვუზღუდავთ დაფინანსებას, შეუძლიათ ვიღაცეებს, თუნდაც, რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სწორედ ამისათვის იქნა მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა.
„არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა NED-ის საქმიანობა და ფონდის შესახებ მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელიც ორგანიზაციის მიმართ მთელ რიგ სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს.
მასალაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის“.
პარაგრაფში სახელწოდებით „განხეთქილების და დაპირისპირების წაქეზება სხვა ქვეყნების სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“ ნახსენებია საქართველო.
დოკუმენტში ნახსენებია ფერადი რევოლუციები, უკრაინაში ევრომაიდანის დაფინანსება და მხარდაჭერა, ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
გასაკვირი არაფერია
„ქართულ ოცნებას“ არ გაკვირვებია ანგარიშის შინაარსი, რომელიც ჩინეთის საგარეო უწყებამ მოამზადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, NED-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მიზანი საქართველოში არაერთგზის დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.
„გავიხსენოთ ბოლოს ახლა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას აქ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ჩამოეხსნა ნიღაბი და რეალურად საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, რომ თურმე ეს სამოქალაქო საზოგადოება და სექტორი კი არა, რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან ჩვეულებრივი პარტიები, დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები“, - განაცხადა კირცხალიამ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.