თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ღვინის კომპანიების მთლიანი ბრუნვა 2024 წლისთვის ზომიერად 5%-ით გაიზრდება, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ბაზრის კვლევაში.
2023 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან $259 მილიონი გამოიმუშავა, რაც მთლიანი ექსპორტის 4,1%-ს შეადგენს. საქართველო შედის ღვინის ექსპორტიორი 20 უმსხვილეს ქვეყანას შორის და სტაბილურად ინარჩუნებს თავის პოზიციას. 2023 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა რეკორდულ დონეს მიაღწია.
„2024 წლის პროგნოზი ითვალისწინებს მიმდინარე ექსპორტის ტენდენციებს, რაც აჩვენებს ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე, ასევე მოხმარებასა და ძლიერ მოთხოვნას ქვეყნის შიგნით“, - ნათქვამია კვლევაში.
ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. 2024 წლის 5 თვეში წლიურად 52%-ით გაიზარდა რუსეთში ექსპორტი, რაც, ძირითადად, აქციზის გადასახადის ზრდით იყო გამოწვეული.
ღვინის ექსპორტიორებმა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი აქციზის ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტეს. 2024 წლის 1 მაისიდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გარკვეული სახეობების აქციზის განაკვეთები დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ადგილობრივი მწარმოებლების მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 16%-ით წლიური ზრდის კომპლექსური ტემპით (CAGR), რაც მიუთითებს დარგში მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესზე.
2023 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთლიანმა ბრუნვამ 1,43 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 4,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში და მის პოპულარიზაციაზე მიმართულ აქტივობებზე 2024 წელს 16 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.