საქართველოს მორიგი წარმატება - გამოქვეყნდა კვლევის ახალი შედეგები

საქართველომ ახალი 81,5% დაიმსახურა და 11 წლიან პერიოდში მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველომ ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით მსოფლიოში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ნათქვამია გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის შედეგებში.
ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი განიმარტება, როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობას ინფორმაციის მოთხოვნით, თანამდებობის პირების დაკითხვით და არასათანადო ქცევის დასჯის გზით“.
ანგარიშვალდებულების ეს ფორმა უზრუნველყოფს კონტროლს ინსტიტუტებს შორის და ხელს უშლის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
მთავრობის ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ძირითადი მოქმედი სუბიექტებია: საკანონმდებლო ორგანო; სასამართლო სისტემა; და კონკრეტული ზედამხედველობის უწყებები, როგორიცაა ომბუდსმენები, პროკურორები და გენერალური აუდიტორები.
საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5% დაიმსახურა და 11 წლიან პერიოდში მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, 2012 წელს კი მსოფლიო რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: საბერძნეთს, რუმინეთს, მალტას, კვიპროსს, უნგრეთს თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, სინგაპურს და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გეტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.