თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
ოპოზიციაში კვლავაც ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალების, ბლოკებისა და კოალიციების შექმნის თემაზე აქტიურ კონსულტაციებს მართავენ. სულ ცოტა ხნის წინ გაფართოვდა ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“, რომელშიც შედიოდნენ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ახლა მათ შეუერთდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც 2020 წელს ხმების 3,78% მიიღო.
„26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებენ და თუ ვინმეს სურს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია“, - განაცხადა იოსელიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცხადი გახდება, ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.
„17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არჩევნების მზადების პროცესში“, - განაცხადა იოსელიანმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ არჩევნები ახლა მხოლოდდამხოლოდ პროპორციულია, ანუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ პარტიებს შორის მოუწევს. პარლამენტში შევა ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.
დღეს „ქართული ოცნება“ ყველა საჯარო გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი 2-5 პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ჩამორჩენით მეორე ადგილზეა.
ოპოზიციაში ამჟამად ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის თემაზე აქტიურ კონსულტაციებს მართავენ.