თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ესპანური კლუბის, „ლევანტეს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ხავი კლუბის საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად თბილისში ახალგაზრდა ტალანტების მოსაძებნად ჩამოვიდა, ნათქვამია კლუბის გვერდზე სოციალურ ქსელში. „ლევანტეში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
კლუბი „ლევანტე“ აქტიურად უჭერდა მხარს ქართველ ლეგიონერ გიორგი ქოჩორაშვილს საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდმა მერვედფინალში გასვლა მოახერხა. საქართველოს ნაკრების მადლიერმა გულშემატკივრებმა „ლევანტეს“ წარმომადგენლები თბილისში მოიწვიეს. პასუხმაც არ დააყოვნა.
„ქართული კულტურის გაცნობა მინდა, ეს ახალია ჩემთვის. ქვეყანა უნდა ვნახო. ინტერნეტში რაც მოგვწერეს, იმ სიყვარულის ნახვა გვინდა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით. ქართველი ბავშვების, ტალანტების სანახავად ვართ ჩამოსული. მათგან 10 რჩეული ვალენსიაში წამოვა“, - უამბო ჟურნალისტებს კლუბის წარმომადგენელმა ხავიმ, რომელმაც ქართველი ქომაგების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
მან ასევე ისაუბრა გიორგი ქოჩორაშვილზე, რომელმაც მთელი გუნდის სიყვარული დაიმსახურა.
„გიორგი ქოჩორაშვილი ძალიან გამორჩეული მოთამაშეა, ძალიან ქარიზმატულია. გაცნობისთანავე შეგვიყვარდა და მოგვწონს ეს მოთამაშე. ახლა გაიზარდა ეს ბიჭი, უფრო ძლიერია და ევროპაშიც იცნობენ. მან „ლევანტეს“ პატივისცემა დაიმსახურა“, – განაცხადა ხავიმ.
საქართველოში ჩამოსვლამდე ხავიმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ესპანური კლუბის წარმომადგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ, მათი მოგზაურობა კი საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა.
„ლევანტე“ არის უძველესი საფეხბურთო კლუბი ვალენსიაში. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს. გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში 2019 წლიდან ასპარეზობს.