ვინ მოხვდება საქართველოს პარლამენტში? პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კვლევებს აფასებენ

თუ მმართველი პარტია კმაყოფილია კვლევის შედეგებით, ოპოზიცია უკმაყოფილებას არ მალავს
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულად გამოეხმაურნენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მოახლოებული არჩევნების წინ მხარს უჭერს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 59,3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13,1%; კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5,8%; კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ – 5,5%; „საქართველოსთვის“ – 4,8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%; „ევროპული საქართველო“ – 2,2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 2,1%; სხვა - 4,2%.
ასეთი გადანაწილებით მმართველ პარტიას პარლამენტში 107 მანდატი ექნება, ოპოზიციას - 43.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებს გამოკითხვის შედეგების ობიექტურობაში ეჭვი არ შეაქვთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, GORBI-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის კუთხით ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები სინამდვილეს შეესაბამება.
„დიდი რაოდენობის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული საქართველო მოწინავეთა რიგებში. რა საკვირველია, ეს ყველაფერი „გორბის” კვლევაშიც აისახა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის - ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია.
„ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, - აღნიშნა მან.
მმართველი პარტიის ლიდერები „ერთიან ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულად მოიგებს, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება“ არის ორიენტირებული საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის ორიენტირებული მხოლოდ არეულობაზე... ამიტომ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრამდე ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ხალხს სურს მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში და რეგიონში, სადაც ორი ცხელი წერტილია და უდიდესი ომი მიმდინარეობს, როგორმე დავაღწიოთ თავი, ჩვენ, აი ამ პატარა ქვეყანამ. და ჩვენი ეს პერსპექტივა, რომ ვხდებით ჰაბი, აი ამ დიდ შუა დერეფნის პროცესში, რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციის შეფასება
კვლევის შედეგებით უკმაყოფილებას არც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დამალეს, სადაც მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ.
„გორბის" ჩატარებული წინა კვლევა რეალობისგან 20%-ით განსხვავდებოდა. ქართველი ხალხი არ ტყუვდება“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ოპოზიციურ პარტია „გირჩში“ განაცხადეს, რომ GORBI-ს გამოკითხვას სერიოზულად არ უყურებენ.
„რაც შეეხება კონკრეტული პარტიების შედეგებს, ვინაიდან არ მგონია, რომ ეს მართალი კვლევა იყო, არც შეიძლება სერიოზულად შეფასება, თუმცა უცნაურად გამოიყურება ის, რომ ყველაზე მზარდი რეიტინგი ჩვენ გვაქვს - 61%-ით გაგვეზარდა რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით და თუ ასე გავაგრძელებთ, ამ კვლევაშიც კი, 5%-ით მეტი უნდა გვქონდეს", - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.