სამშენებლო კომპანიის დირექტორმა და იურისტმა ბინები ორ-ორჯერ გაყიდეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათა 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ.
ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებს მათზე ყიდდნენ, რეალურად კი, ბრალდებულებს აღნიშნული ბინები სხვა პირებზე უკვე გაყიდული ჰქონდათ.
გარდა ამისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საცხოვრებელი კორპუსის მე-10 და მე-11 სართულებზე არსებულ ბინებს ყიდდნენ, მაშინ როცა მხოლოდ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ მოპოვებული. ამ გზით ბრალდებულები 8 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 466.491 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი 14 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება თაღლითობის მუხლით წარედგინათ, რომელიც ჩადენილია დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (8 ეპიზოდი).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე.