„ფედერალისტები“: გიგა ბოკერია ახალ პარტიას ქმნის

ახალი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციის გამართვას 27 სექტემბერს გეგმავს
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომლებმაც ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს, წარმოადგინეს ახალი პარტია სახელწოდებით „ფედერალისტები“ და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპროტესტო აქცია დააანონსეს.
აგვისტოს დასაწყისში ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა განაცხადეს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ იმის გამო, რომ პარტიის რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტა.
ორი კვირის წინ მათ საზოგადოებას წარუდგინეს ახალი პარტიის ლოგო, დამფუძნებელი ყრილობა კი სექტემბერშია დაგეგმილი. ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელის არჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს სექტემბერში გაეცემა.
„ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა პრეზენტაციაზე.
იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისი სიცოცხლის უფლებისკენ, თავისუფლებისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვის რეალიზება, საჭიროა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესი არ არის საკმარისი რეჟიმის დამარცხებისთვის და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად „რაღაც მეტია საჭირო“.
„ქართველ ხალხს არჩევნებში სანამ შევა, მანამდე უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში აქტიურობა არსებობდეს... საჭიროა ისეთი მორალური უპირატესობის მოპოვება ქუჩაში, როგორიც გვქონდა აპრილსა და მაისში“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, პოლიტიკოსები არ გეგმავენ ასეთ აქციებს, ასეთი აქციები თავისით ეწყობა, როგორც წესი, მაგრამ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ „ქუჩას თუ აქვს რესურსი ერთგვარი აფეთქების, ეს მოხდეს“.
„სწორედ ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას. მთელი ეს პერიოდი 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში რას ვშვრებით, ჩვენი კამპანია იქნება ზუსტად ეს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ბოკერია იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 2010 წლის ნოემბრიდან ბოკერია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, 2013 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2016 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა მის მიერ დაარსებული პარტია და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, 2021 წელს კი სათავეში ჩაუდგა მას.