თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია გამოვლინდა, მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
2024 წლის იანვარ-ივლისში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 494 ფაქტი აღკვეთეს, მათ შორის, 206 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
მარტო ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი.
ელექტროშოკურ მოწყობილობებს იყენებდნენ მოქალაქეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშარში, მდინარე რიონზე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის მიმდებარედ მდინარე მტკვრის კალაპოტში უკანონო თევზჭერისას.
თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი და გასაშლელი ტიპის ბადეებით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი იქნა გამოვლენილი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდინარე წყალწითელაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარეებზე - გუბისწყალსა და რიონზე, მცხეთა-ნარეკვავის მიმდებარედ, მდინარე არაგვზე, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე.
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით.
ეს ფასდება როგორ ბრაკონიერობა, 2023 წლის 1 დეკემბრიდან კი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.