საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელების სასწრაფო წესით დაჯილდოების წინააღმდეგია

მიუღებელია საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიელი სპორტსმენების წარმატების ცალ-ცალკე აღნიშვნა, რადგან ამაში დისკრიმინაციის ელემენტი იკვეთება, განაცხადა პრეზიდენტმა
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების ოლიმპიელების დაჯილდოება სახელმწიფო ორდენებით სასწრაფო წესით არ შეიძლება და ამისათვის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. გადაწყვეტილებას ორდენებით და მედლებით დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტი იღებს.
„პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მეორე მიზეზი არის პარაოლიმპიადა , რომელიც პარიზში იწყება აგვისტოს ბოლოს და გრძელდება 8 სექტემბრამდე. პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიელი სპორტსმენების წარმატების ცალ-ცალკე აღნიშვნა, რადგან ამაში დისკრიმინაციის ელემენტი იკვეთება.
„წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილის თქმით, მას 13:00 საათზე შეატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე იქნებოდა მიღება და დაჯილდოების ცერემონია.
„მე არ მჩვევია კინკლაობა, სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია. როდესაც ვაცილებდით ყველა ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში როდესაც დაბრუნდებოდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან პრეზიდენტმა მიულოცა ოლიმპიადის ჩემპიონებს და მონაწილეებს ისტორიული შედეგი - 24-ე ადგილი მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში.
„მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არამხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე, ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები შვიდი მედლით 24-ე ადგილზე დაასრულა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახდა. საქართველოს აქტივში სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.