საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოლიმპიადის ოქროს მედლების რაოდენობით ლიდერთა ათეულშია

საქართველომ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის ოლიმპიური თამაშები შვიდი მედლით 24-ე ადგილზე დაასრულა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახდა.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ერთ სულ მოსახლეზე პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, მონაცემებს სპორტული ტელეარხი „ევროსპორტი“ აქვეყნებს.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები შვიდი მედლით 24-ე ადგილზე დაასრულა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახდა. საქართველოს აქტივში სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა.
ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ათი ქვეყანა „ევროსპორტის“ მიხედვით (პარიზი 2024):
დომინიკა – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (67.000)
სენტ-ლუსია – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (184.000)
ახალი ზელანდია – ოქროს მედალი (10), მოსახლეობა (5.338.000)
ბაჰრეინი – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (1.701.575)
სლოვენია – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (2.123.000)
ნიდერლანდები – ოქროს მედალი (15), მოსახლეობა (17.977.000)
საქართველო – ოქროს მედალი (3), მოსახლეობა (3.694.600)
ირლანდია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5.281.600)
ნორვეგია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5.562.363)
ავსტრალია – ოქროს მედალი (18), მოსახლეობა (27.364.621)
ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით ოლიმპიადის ლიდერი აშშ 34-ე ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე გასული ჩინეთი - 51-ე პოზიციას იკავებს.
გარდა ამისა, ოლიმპიადაზე მოპოვებული მთლიანად ყველა სინჯის მედლების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მე-10 ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ). ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
გარდა ამისა, პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.