თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო და ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული, – ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზებს ეხება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
„თუმცა სავაჭრო მონაცემებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის შესწავლა მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის ზრდა შეიძლება აიხსნას უწყინარი მოვლენებით, და თუ სანქციების გვერდის ავლა მოხდება კიდეც, ამას უმნიშვნელო მასშტაბი ექნება“, – ნათქვამია ანგარიშში.
პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოდან რუსეთში ხვდება გარკვეული რაოდენობის ორმაგი დანიშნულების ტვირთები, როგორებიცაა მექანიკური და ტექნიკური კომპონენტები, თუმცა კვლევით დადგინდა, რომ ასეთი ტვირთის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ტვირთის სამხედრო მიზნით გამოყენება მოხდებოდა, მაინც ვერ გამოუთხრიდა ძირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მართლაც გაიზარდა, თუმცა, ავტორთა თქმით, სავაჭრო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქმე ეხება საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელს და არა საქართველოს მიერ რუსეთში განხორციელებულ ექსპორტს.
პუბლიკაციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ტვირთების ტიპებზე, რომლებიც საქართველოდან რუსეთში გადის და აღნიშნავენ, რომ ამ ტვირთების დიდი უმრავლესობა - საკვები პროდუქტები და სასმელებია.
„საქონლის ერთადერთი კატეგორია, რომლის ექსპორტსაც საქართველო რუსეთში ახორციელებდა და რომელიც თეორიულად შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, არის ფეროშენადნობები. თუმცა, როგორც შესაბამისი კვლევა და 2023 წლის სრული და 2024 წლის პირველი ხუთი თვის ვაჭრობის მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა“, - ნათქვამია კვლევაში.
შვეიცარიის ინსტიტუტის მონაცემებით, რიგ შემთხვევებში საქართველოში კომპანიები და ინდივიდუალური პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ დასავლეთიდან იმპორტირებული ტვირთი, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლით რუსეთში გაედინებოდეს, თუმცა მონაცემების დეტალური შესწავლის შედეგ საეჭვო ნიშნები არ გამოვლინდა.
კონკრეტულად ეს ეხებოდა ბრალდებას, რომ საქართველოში ამერიკული მიკროჩიპების იმპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, თითქოს ამ პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი სანქციების გვერდის ავლით ხდება, თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, ეს ზრდა აიხსნება საქართველოს იმპორტის პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნებით.
შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტი (SIGA) ატარებს, მხარს უჭერს და ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ კვლევებს გეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8%-ით შემცირდა და 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. საქონლის ექსპორტი რუსეთში კი თითქმის 2%-ით შემცირდა. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,6% შეადგინა.