როგორ იმოძრავებს 15 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ მიმავალი ტრანსპორტი

იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, აუცილებელია ავტოტრანსპორტმა დროებით ძველი გზით იმოძრაოს, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დასაერთებლად აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
„იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება.
გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები, ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 42 კმ-ით.
რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა რეაბილიტირებულია, სადაც გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
შორაპანი-არგვეთას 15 კმ-იანი მონაკვეთის 9 კმ - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან, მოძრაობა გახსნილია 12 ხიდზე და 10 გვირაბიდან - 5 გვირაბზე. 5.7 კმ-იან გზის მონაკვეთის დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და სექტემბერში, ეტაპობრივად გაიხსნება. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალური გზის 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
შორაპანი-არგვეთას ახალი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.