კახეთში ქალის მოტაცებისთვის პოლიციამ ხუთი პირი დაკავა

„სასიძოსა“ და მის მეგობრებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ლაგოდეხის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 26 წლის მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით 24 წლის ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ასევე მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ოთხი მამაკაცი.
პოლიციამ გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.
26 წლის მამაკაცი სამართალდამცველების მიერ თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.