თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. 55 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი – პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია ლევან შენგელიას ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„ყველაზე მეტად ამ სტატუსის მეშინოდა რომ დამეწერა, ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან დიდი ხანი ამერიკაში, ყველაზე მეტად მე ვუგებდი მას და ყველაზე მეტად მე ვარ დღეს დაჩაგრული, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე. ჩემს უფროს შვილსაც მისი სახელი ჰქვია. ლევან, არ გემშვიდობები, მეც მალე მოვალ შენთან და გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენს ძმობას. დროებით! მიყვარხარ ძალიან, ძალიან“, – წერს კახა შენგელია სოციალურ ქსელში.
მწუხარების პოსტი ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმაც გაავრცელა.
„რანაირად ჩუმად წახვედი, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან... შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძალიან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხო მითხარი, კარგად ვარო… ძალიან მომენატრები იცოდე, მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენ ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე, ჩემო გენკა მეგობარო. ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ", - წერს ნინი შერმადინი.
რას ყვებოდა მუსიკოსი საკუთარ ცხოვრებაზე
ლევან შენგელია სამტრედიაში დაიბადა. ექვსი წლიდან დაიწყო მუსიკის სწავლა. ის დაბა კულაშის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. მეშვიდე კლასიდან კი სამტრედიიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა თბილისში, კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში გააგრძელა.
ლევან შენგელია მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველ კურსს ამთავრებდა, როცა ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში, რომლის შემადგენლობაშიც ჯონ ლენონის შვილი ჯულიან ლენონის იყო. სწორედ მისი რჩევით გადააგზავნა თავისი ნაწარმოებები შენგელიამ აშშ-ის სხვადასხვა სასწავლებლებში, სადაც მისმა ნიჭმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მუსიკოსმა საქართველო 19 წლის ასაკში, 1992 წელს დატოვა, რათა სწავლა კონექტიკუტში, ჰარტფორდის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუსიკოსი მაიამიში კუბურ ანსამბლში მოხვდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლევან შენგელია სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ ამერიკაში დაბრუნება ისევ გადაწყვიტა, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.
ბოლო პერიოდში ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში მუსიკოსი ყვებოდა, რომ მას ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა.
„საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო. აი, ამის შემდეგ ნამდვილად მივხვდი, ხალხს თურმე როგორ ვყვარებივარ. მანამდეც არ მაკლდა სითბო და ყურადღება, მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გამჟღავნდა, ნამდვილი შემოტევა მაშინ დაიწყო, თან ისეთი, რომ დილიდან საღამომდე მეტირება ხოლმე. საოცრებებს სჩადიან ჩემი ქართველები და ალბათ, ეს ავადმყოფობა უნდა გადამეტანა, მათი ასეთი სიყვარული რომ მეგრძნო...“ - ყვებოდა მუსიკოსი ქართული მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.