თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ასევე ვიცე-ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ - სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ). ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
„პირველ რიგში, მინდა, ჩვენს ბიჭებს მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის“, - განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
ძალოსნის თქმით, ქომაგები ეს ის ძალაა, რომელიც აძლიერებს მას და მოდუნების და დანებების საშუალებას არ აძლევს.
ლაშა ტალახაძე
© Georgian National Olympic Committee
ქართველი ფალავანის, გენო პეტრიაშვილის თქმით, მის გზაზე ბევრი დამარცხება და ბევრი გამარჯვებაც იყო, წინა ოლიმპიურ თამაშებზე წამის მეასედში დამარცხდა მაგრამ პარიზში შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცა.
„მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.
მისთვის გამარჯვება პარიზში აღებული ოქრო პირველი გახდა ოლიმპიურ კარიერაში. რიოში პეტრიაშვილმა ბრინჯაო აიღო, ტოკიოში კი ვერცხლი.
გენო პეტრიაშვილი
© Georgian National Olympic Committee
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა – ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.
მაჭარაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ არ არის კმაყოფილი თავისი შედეგით და 2028 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე თავს გადადებს რომ ოქრო მოიპოვოს.
„ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური მედალი ოცნებაა და ისტორიაა. თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ოქროს მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო“, – განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.
გივი მაჭარაშვილი
© Georgian National Olympic Committee
პარიზის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა 11 აგვისტოს, მომდევნო თამაშები ლოს-ანჯელესში 2028 წელს გაიმართება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
გარდა ამისა, პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.