მშენებლობის ღირებულება ივნისში შემცირდა - ახალი სტატისტიკა

თვიური ინდექსის შემცირება ძირითადად მოხდა სამშენებლო მასალების ღირებულების 0,1%-ით შემცირების ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ივნისში, მიმდინარე წლის მაისთან შედარებით, 0,04%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის შემცირება ძირითადად მოხდა სამშენებლო მასალების ღირებულების 0,1%-ით შემცირების ხარჯზე.
2024 წლის ივნისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8,5%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 25,6%-ით და ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ტარიფების 11,1%-ით გაზრდით.