აპირებს თუ არა ლაშა ტალახაძე სპორტიდან წასვლას - ოლიმპიური ჩემპიონის გეგმები

დისკვალიფიკაციის შემდეგ სპორტში დაბრუნების მერე, 2015 წლიდან ლაშას არც ერთი ტურნირი არ წაუგია.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. პარიზის, ტოკიოსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს სურს კარიერა დაუმარცხებლად დაასრულოს, მაგრამ თუ იგრძნობს, რომ ოქროს მედლების მოპოვება კიდევ შეუძლია, აუცილებლად დარჩება დიდ სპორტში, განუცხადა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც სამ ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა. ის არის ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. დისკვალიფიკაციის შემდეგ სპორტში დაბრუნების მერე, 2015 წლიდან არც ერთი ტურნირი არ წაუგია.
„მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარიზის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა 11 აგვისტოს, მომდევნო თამაშები ლოს-ანჯელესში 2028 წელს გაიმართება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
გარდა ამისა, პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.