საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მითითებები, მათ შორის ევაკუაციასთან დაკავშირებით
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირშია საბერძნეთის შესაბამის სამსახურებთან დედაქალაქის რაიონ ატიკაში ტყის ხანძრის გამო, ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, რომელსაც ბოლო 24 საათში საქართველოს მოქალაქეებისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია, ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია.
ბერძენი მეხანძრეები ვერ უმკლავდებიან ხანძრის გავრცელებას, რომელიც კვირას შუადღისას ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო ატიკის დასახლება ბარნაბასში. ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარის გამო, რომლის სიჩქარე საათში 90 კილომეტრს (25-28 მ/წმ) აღწევდა.
„საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე. ამასთან, საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.
„საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!“ - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000 უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
უწყებამ ასევე გამოაქვეყნა საბერძნეთის გადაუდებელი სამსახურების შემდეგი ტელეფონის ნომრები: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და ხანძრებთან დაკავშირებული კრიტიკული ვითარების გამო კვირას საღამოს ათენში დაბრუნდა.
დილით რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვთა საავადმყოფო და სამხედრო ჰოსპიტალი უკვე ევაკუირებულია.
ადგილზე მობილიზებულია 510 მეხანძრე-მაშველი 16 ქვეითი ეკიპაჟით და 152 ერთეული ტექნიკით, ასევე ადგილზე დიდი რაოდენობით მოხალისეები იმყოფებიან.
რთული მეტეოროლოგიური პირობები
ხანძრის ჩაქრობას აფერხებს ძლიერი ქარი, რომელიც ღამითაც ნარჩუნდებოდა. უახლოეს საათებში მოსალოდნელია მისი გაძლიერება.
ხანძრის ჩაქრობას ცეცხლის გაჩენისთანავე გართულდა. ხანძრის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, თვითმფრინავებმა უკვე დაცალეს წყლის პირველი პარტია და 10 წუთის შემდეგ იქ პირველი სახმელეთო ძალები გაგზავნეს.
მაგრამ ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა და შექმნა ექსტრემალური სიტუაცია უწყვეტი კერებით და ახალი ფრონტებით.
ამჟამად საბერძნეთში ცხელი და მშრალი ამინდია, ტემპერატურა კი დაახლოებით +34°C-მდეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქიის ზონაში შესაძლოა ქარი 17,2-20 მ/წმ-მდე გაძლიერდეს.