თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შესაძლოა თავიდან ბოლომდე გადატვირთოს მომდევნო წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ამერიკელი პარტნიორების ხელშია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი თბილისში იმყოფებიან და მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შაბათს მათ პრემიერი ირაკლი კობახიძე შეხვდა.
„უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე აღვნიშნე შეხვედრაზეც და მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან მან გამოთქვა ის იმედგაცრუება და შეშფოთება, რომელსაც იწვევს საქართველოს ხელისუფლებაში დღევანდელი ორმხრივი ურთიერთობები.
„მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს და არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს და ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ის, თუ რას მოელოდება საქართველო შეერთებული შტატებისგან უახლოეს წელიწადში.
„რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე და როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, ეს ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. მე ასევე ძალიან გულწრფელად ვუთხარი სენატორს, კონგრესმენს, ელჩს, ის, თუ რას ველით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში. ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავარია სამართლიანობა და სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება, აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ინტერესებში.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.