პრემიერ-მინისტრმა ნიკა მელიაზე თავდასხმა დაგმო

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ამიტომ ყველამ თავი შეიკავოს ძალადობისგან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე თავდასხმის ინციდენტის კომენტირებისას.
კვირას, 11 აგვისტოს, სამტრედიაში უცნობი პირი ოპოზიციონერს თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოალიციის ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ სამი ოპოზიციური პარტია „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ გაერთიანდა. ჯერ კიდევ 9 ივლისს პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას და ერთობლივ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ. კამპანია ტარდება როგორც რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ ემიგრანტებს შორის.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.