მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთასვლელის ცხედარი ჩამოასვენეს

ცნობილი ქართველი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი 34 წლის ასაკში სვანეთში ექსპედიციაში სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მწვერვალ შხელდაზე (4386 მ ზღვის დონიდან) გარდაცვლილი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ვერტმფრენით მესტიაში ჩამოასვენეს, იუწყება „სვანეთი ნიუსი“.
კვირას მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ალპინისტთა ჯგუფს მაშველების დახმარება დასჭირდა, მაშველებმა სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს. ევაკუირებული ალპინისტების თქმით, არჩილ ბადრიაშვილი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
რა მოხდა მწვერვალ შხელდაზე
ცნობილ ქართველი მთასვლელს სვანეთში ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი.
10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალ შხელდადან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო. მედია წერს, რომ სწორედ იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ. მაშველებმა სამივე ალპინისტის გადარჩენა შეძლეს.
ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, მაშ­ვე­ლებ­მა მწვერ­ვალ შხელ­და­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მთამ­სვლე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3800 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, კლდო­ვან ფერ­დობ­ზე იპო­ვეს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ვინ არის არჩილ ბადრიაშვილი
34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს სამ ქართველ მთამსვლელს - ბაქარ გელაშვილს, არჩილ ბადრიაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს - პაკისტანში მდებარე მწვერვალ სარაგრარის (7300 მ) დალაშქვრისთვის მსოფლიო ალპინიზმში ერთგვარი „ოსკარი“ - „ოქროს წერაყინი 2022“ (Piolet d'Orза) გადაეცათ.
ქართველმა მთამსვლელებმა აღნიშნული მწვერვალი 2021 წელს დაიპყრეს.
„ოქროს წერაყინი“ - ეს არის საერთაშორისო პრემია ალპინიზმში გამოჩენილი მიღწევებისთვის, რომელსაც ყოველწლიურად ფრანგული ჟურნალი Montagnes და The Groupe de Haute Montagne 1992 წლიდან გადასცემს.
არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი - ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.