თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა გოლიათმა ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი 461 კილოგრამით დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ექვსი მედალი აქვს მოპოვებული: ლაშა ტალახაძე - ოქროს მედალი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო აიღეს, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო აქვს მოკრივე ლაში გურულს (-63,5 კგ).
ლაშა ტალახაძე არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2016, 2020, 2024), მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი (2015, 2017, 2018, 2019, 2021, 2022 და 2023 წლებში), ევროპის შვიდგზის ჩემპიონი (2016, 2017, 2019, 2021, 2022 და 2023). დაამყარა 23 მსოფლიო რეკორდი 105 კგ-ზე და 109 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში. ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდსმენი აკვრაში, ატაცში და ორჭიდის ჯამში 109 კგ-ზე მეტ კატეგორიაში. აბსოლუტური რეკორდსმენი დაძლეულ წონაში ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).