თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის თასის 1/32 ფინალში „მოდენასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ 2024/2025 წლების სეზონი „მოდენასთან“ (სერია B) რთული მატჩით გახსნეს. ნეაპოლელებმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს, ხვიჩამ კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 4:3.
„მოდენასთან“ თამაში იყო პირველი ოფიციალური მატჩი „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელისმ ანტონიო კონტესთვის.
იტალიის თასის 1/16 ფინალში გავიდა ასევე „კრემოზე“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი და 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძე თამაშობენ.
რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, ის 17 აგვისტოს დაიწყება. „ნაპოლი“ პირველ მატჩს 18 აგვისტოს სერია A-ს ახალბედა „ჰელას ვერონასთან“ გამართავს.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში მისი გოლი „ფიორენტინასთან“ მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარაცხელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სერია A-ში პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. Transfermarkt-ის პორტალზე გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა, ის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.