ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივნისში გაიზარდა

საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 966,17 მლნ ლარით (3,43%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით 57,34 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 785,9 მილიონი ლარით, ანუ 2,59%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 180,28 მლნ ლარით, ანუ 0,7%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,36 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 4,21%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,55 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,05%-ით მეტია.
ივნისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,31%-ით, ანუ 382,81 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, 29,52 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 54,83%, რაც 2024 წლის 1 ივნისის მონაცემებთან შედარებით 0,45 საპროცენტო პუნქტით მეტია.
1 ივნისის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.