საქართველო მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის - პრემიერი

შაჰინი და ტერნერი მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
შაჰინი და ტერნერი მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების, პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.