გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უკვე ორი ოქროს მედალი აქვს - პირველი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა აიღო
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.
გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი ჰქონდა მოპოვებული: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო აიღო, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო აქვს მოკრივე ლაში გურულს (-63,5 კგ).