თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6683 იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1330 - ქუთაისში, 1145 - ბათუმში, 1031 - ქალაქ რუსთავში“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6683 სამართალდამრღვევიდან 5832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 - იურიდიული პირი.
4142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2256 - მიკროავტობუსის, 277 - სატვირთო ავტომობილის, 8 - ავტობუსის.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.