თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, ქართული ესტრადის ლეგენდამ ნანი ბრეგვაძემ, რომელსაც „რომანსის დედოფალს“ უწოდებენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა.
დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე სხვადასხვა დროს ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები, ასევე საკონცერტო აფიშები, პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები.
„აი მოვიდა დრო და ოჯახმა ვიფიქრეთ, მოდი ჩვენი საოჯახო არქივი გადავცეთ საქართველოს არქივს... ცოდვაა, სახლში რომ იყოს ეს ყველაფერი, და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც მიიღო ეს ჩემი თხოვნა, სურვილი, რომ თქვენთან იყოს ჩემი საოჯახო არქივი“, - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ეროვნული არქივისთვის გადაცემული საოჯახო მასალები საკმაოდ კარგად არის შენახული, მაგრამ ეტაპობრივად აღწერას და ტექნიკურ დამუშავებას მოითხოვს.
„გამოშვებული აქვს ძალიან ბევრი ფირფიტა, ჩაწერილია არაერთ ქვეყანაში. ეროვნულ არქივს ჰქონდა საკმაოდ დიდი ჩანაწერები, თუმცა ეს ფონდი, რომელიც შემოვიდა, ძალიან გაამრავალფეროვნებს ჩვენს საცავებს“, - განაცხადა ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივის განყოფილების უფროსმა ეკატერინე სანიკიძემ.
საარქივო წესით დამუშავების შემდეგ ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივის მასალა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში.
ნანი ბრეგვაძე - ქართული ესტრადის დედოფალი
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.
1959—64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი.
მისი პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უკავშირდება 1964 წლის გასტროლებს პარიზში მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ „ოლიმპიაში“, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ „ორერაში“, სადაც 15 წელი მღეროდა.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.
ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი
ღირსების ორდენი