გერგეტის სამების რეაბილიტაცია: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვეტილია

განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება, აღნიშნეს სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელიც გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებდა.
სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ შორის 614.000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. პროექტით გათვალისწინებული იყო მთავარ ტაძარზე და სამრეკლოს გუმბათზე არსებული საფარის შეცვლა, ექსტერიერის და ინტერიერის კედლის ქვის წყობის კონსერვაცია, ეზოში ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული ფიქალი ქვების მოხსნასა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვა.
„სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა“, - განმარტა სააგენტომ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო – ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება.
გარდა ამისა, კომპანიას 73.680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.
„განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება“, - აღნიშნეს სააგენტოში.
გერგეტის სამება განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებს შორის და ტურისტების დიდი ინტერესითაც სარგებლობს.
ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და დღემდე ერთადერთი ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარია ყაზბეგის რაიონში.
გერგეტის სამება ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)