„ალტ-ინფომ“ პოლიტიკური რეკლამის გამო გაფრთხილება მიიღო

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მარკირებით და მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ტელეარხმა „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიისგან (ComCom) წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კერძოდ, „ალტ ინფოს“, ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული ძალები ერთიანი სიით და ერთიანი ალიანსით შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში და დადებენ შედეგს. ასევე, ის გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“.
„კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება. ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლი კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული აქვს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რადგან „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მარკირებით და მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყებიდან.
ამავდროულად, როგორც ტელეარხებმა, ისე პარტიებმა უნდა წარადგინონ ანგარიშები პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ და მიუთითონ ფასიანია ის თუ უფასო.