თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ყველა ობიექტური მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ ფუნდამენტურ პროგრესს მიაღწია აბსოლუტურად ყველა სფეროში, რასაც ადასტურებენ არა მხოლოდ უცხოელი პარტნიორები, არამედ საერთაშორისო რეიტინგები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველოს წლიური ქულა გაუმჯობესდა და 100%-იანი ქულების სისტემით 90,3% შეადგინა. ამრიგად, ამ კუთხით 11-წლიანი პროგრესით საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.
„რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსები“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, საქართველოს აქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები თუ ნებისმიერი სხვა, აღნიშნა პრემიერმა.
„ყოველ ჯერზე, მორიგი დასტური ქვეყნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. 2012 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყანად მიიჩნეოდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში საქართველო 66-ე პოზიციით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი და აშშ.