თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ისეთივე პატრიოტები, როგორიც არის „ქართული ოცნება“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ განვითარებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ჩატარდეს გამოძიება, თუ რა ღალატმა გამოიწვია ის რომ საქართველომ დაკარგა კონტროლი 125 სოფელზე და 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი მიიღო.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ცხრა წელი იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია დაიშალა და ყველა მომდევნო არჩევნებში იმარჯვებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.