საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გაერთიანდება - პრემიერი

2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 16 წელი გავიდა
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 2008 წლის ომის დროს დაღუპული ქართველი გმირების ოცნება ახდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაღუპულ გმირებს ჰქონდათ ოცნება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს“, - განაცხადა პრემიერმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.